გუდაური, საქართველო
Tel: +995 32 2146900; +995 599 557875
info@hoteltruso.com
Book Now
ჩვენს შესახებ

სასტუმრო თრუსო მდებარეობს კავკასიაში ერთ-ერთ გამორჩეულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის ცენტრში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, ყაზბეგი – ლარსის საავტომობილო მაგისტრალზე. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზეა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები და საჭირო ინფრასტრუქტურა: საბაგირო (200მ), სათხილამურო ტრასები, ვისოლის ბენზინგასამართი სადგური, სუპერმარკეტი, აფთიაქი, პოლიციის შენობა და ამბულატორია.

თრუსო აშენდა 1999 წელს. თავდაპირველად სასტუმრო წარმოადგენდა „გესთჰაუსის“ ტიპის სახლს, სადაც მხოლოდ 4 ნომერი ფუნქციონირებდა. მომდევნო წლებში (2004-2005) სასტუმრო გაფართოვდა და კლიენტებს ნომრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად განახლებული ინფრასტრუქტურა და მაღალი კლასის მომსახურება შესთავაზა. სასტუმრო 2006 წლიდან მუშაობს და ამჟამად ფუნქციონირებს: 14 ნომერი, რესტორანი, გრილ-ბარი. ზამთრის სეზონზე სტუმრების განკარგულებაშია სკი-დეპო – თხილამურების, სნოუბორდების და სხვადასხვა აღჭურვილობის უსაფრთხოდ და კომფორტულად შესანახად. დამატებითი კომფორტის შესაქმნელად სასტუმროს დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფინური საუნით.

თრუსოს მსგავსი რანგის სასტუმროებისგან განასხვავებს მყუდრო გარემო, გამორჩეული სამზარეულო და მომსახურების მაღალი სტანდარტები, რაც წინაპირობა გახდა იმისა, რომ წლების მანძილზე სასტუმრომ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ბაზარზე და შექმნა ერთგული კლიენტების ბაზა, რომელშიც წარმოდგენილია მაღალშემოსავლიანი ფენა, უცხოელი ტურისტები და დიპლომატები.

სასტუმრო თრუსო სტუმრებს სთავაზობს 14 ოთახს მშვიდი, თანამედროვე ინტერიერით, დათოვლილი მთების ხედებით და კომფორტული საწოლებით, საკუთარი საშხაპითა და ტუალეტით, ტელეფონით, სატელიტური ტელევიზიითა და ინტერნეტით. ბუხრიან სასაუზმე დარბაზში, ხედით ულამაზეს მთის პანორამაზე, სასტუმროს გამოცდილი მზარეულები სტუმრებს უმასპინძლდებიან ახალი, ნატურალური პროდუქტებით მომზადებული საუზმითა და უგემრიელესი სადილებით.